საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე ევროკავშირის
საზღვარზე გადაადგილების შესახებ მოკლე ინფორმაცის აქვეყნებს.
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის
უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. საბოლოო თარიღი,
როდესაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება,
სავარაუდოდ, მარტის ბოლოა. საგარეო საქმეთა
სამინისტრო თავის ვებგვერდზე ევროკავშირის საზღვარზე გადაადგილების
შესახებ მოკლე ინფორმაცის აქვეყნებს.
სად შეგვიძლია წავიდეთ
სავიზო ლიბერალიზაციის შემდეგ?
უვიზო რეჟიმის პირობებში,
ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ
თავისუფლად გადაადგილდნენ შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც
მოიცავს ევროკავშირის 22 წევრს, ოთხ არაწევრსა და შენგენის ოთხ
კანდიდატ ქვეყანას. ეს ქვეყნებია:
წევრები: ავსტრია, ბელგია, გერმანია,
დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი,
მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი,
სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
არაწევრები: ისლანდია, ლიხტენშტეინი,
ნორვეგია და შვეიცარია;
კანდიდატები: ბულგარეთი, კვიპროსი,
რუმინეთი, ხორვატია;
რა დროის განმავლობაში
შეგვიძლია გავჩერდეთ შენგენის ზონის ქვეყნებში?
სავიზო ლიბერალიზაცია გულისხმობს
მოკლევადიან ვიზიტებს, ანუ 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის
განმავლობაში.
ევროკავშირის ქვეყნებში 90 დღის
პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ
ქვეყნის ტერიტორია, ხოლო მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90
დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ.
მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი
შეიძლება იყოს: ტურისტული, ოჯახის წევრების ან ახლობლების
მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი
პროგრამები თუ ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო
ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა.
უვიზო რეჟიმი არ გულისხმობს
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების
მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით. ამისათვის, საჭირო იქნება ისევ
შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მიღება.
რა მოხდება, თუ დავარღვევთ
შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს?
ქვეყანაში 90-დღიანი ვადის
გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა
ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას
(საქართველოში დაბრუნებას). ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება
შენგენის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე პერიოდით. ალტერნატივის
სახით, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ადმინისტრაციული
ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის
შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში,
ან შენგენის ტერიტორიაზე.