დელტას
ყოფილი გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს.
სსსტც "დელტას" გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული
უჩა ძოძუაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა
ის "პირადი დაინტერესების" გამო დაითხოვა თანამდებობიდან.
უჩა ძოძუაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე საჭიროდ
მიმაჩნია ჩავაყენო საზოგადოება საქმის კურსში თავდაცვის სამინისტროსა
და სსსტც "დელტას" შორის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
თავდაცვის მინისტრის 18 მაისის ბრძანება, რომლითაც მოხდა ჩემი
"დელტას" გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება,
ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს იყო მოკლებული, განხორციელდა
დარღვევებით და ეყრდნობოდა მინისტრის სუბიექტურ აზრს. ეს ბრძანება,
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"-ს თანადგომით გასაჩივრებულია
თბილისის საქალაქო სასამართლოში და მისი არამართლზომიერება
სასამართლოს გზით იქნება დამტკიცებული.
ამ გადაწყვეტილებამ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ყველა ის
მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესი
პროცესი, პროექტი და საერთაშორისო მოლაპარაკება რომლებზეც ეროვნული
სამხედრო სამეცნიერო სამრეწველო კომპლექს "დელტა"-ს გუნდი მუშაობდა
ბოლო წლების მანძილზე.
ეს არის დარტყმა არა მხოლოდ ჩემზე, არემედ სრულად იმ გუნდზე რომელმაც
ამ წარმატებებს მიაღწია, რომელმაც უზომო სამუშაო გასწია დღევანდელი
შედეგებისათვის და ჯილდოდ მინისტრისგან საჯარო გაკიცხვა და
მიკერძოებული სამსახურეობრივი მოკვლევები მიიღო.
დღეს დელტა წარმატებული ორგანიზაციაა, რომლის მიმდინარე
ხელშეკრულებები $54 მლნ აჭარბებს, ხოლო საბოლოო მოლაპარაკებებისა და
გაფორმების ეტაპზე ხელშეკრულებები $153 მლნ ზე მეტია, ეს ციფრი
მრავალჯერ აჭარბებს დელტას მიმდინარე ბიუჯეტს და თავდაცვის ბიუჯეტის
75% ზე მეტია. მიუხედავად ამისა ჩვენს მიღწევებს სამინისტრო არ
წარმოაჩენს, ხოლო სამინისტროს მიერ დაშვებული შეცდომების გამართლებას
დელტას ბრალეულობაში ეძებს.
ჩემი გათავისუფლების ბრძანების გამოსვლის დღიდან დელტაში შემოსულია
თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სამხედრო პოლიცია,
თუმცა დღემდე მათ ვერ მოახერხეს დაედოთ დასკვნა, რომელიც დაასაბუთებდა
მინისტრის ბრძანებას. ხაზს ვუსვამ, რომ გენერალური ინსპექციის
დასკვნა, რომელზეც ისაუბრა მინისტრმა დღემდე არ არის გაგზავნილი
დელტაში. აქედან გამომდინარე მინისტრის განცხადება არა მხოლოდ
შეუსაბამოა კანონთან არამედ ეწინააღმდეგება მისი 17-18 მაისს
გაკეთებულ განცხადებებს, რომ 15 მაისის სეტყვით გამოწვეული ზარალის
მიზეზები რამდენიმე დღეში სრულად იქნებოდა გამოკვლეული, ხოლო მას
შემდეგ რაც დადგინდებოდა ჩემი უდანაშაულობა მომეცემოდა მუშაობის
გაგრძელების საშუალება. გენერალურმა ინსპექციამ უგულვებელყო, 15
მაისის სეტყვასთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაცია, და ნაცვლად
სამართლიანი დასკვნის შედგენისა დაიწყო მინისტრის გადაწყვეტილების
გასამართლებელი მიზეზების ძიება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩემს
განთავისუფლებაში მინისტრის პირად დაინტერესებას და მოკვლევის
მიკერძოებულობას.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მიუკერძოებელი და ობიექტური შესწავლის
მიზნით, ვთხოვ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ საკითხით
დაინტერესებას და მზადყოფნას გამოვთქვამ სრული ინფორმაცია მივაწოდო
შესაბამის მიუკერძოებელ სტრუქტურებს, როგორც კონკრეტულად 15 მაისის
სეტყვის პროცესთან დაკავშირებით ასევე მთელი სისტემის შექმნასა და
ოპერირებასთან დაკავშირებით."-აცხადესბ უჩა ძოძუაშვილი.