აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური
გადადგა.
ამის შესახებ არჩილ ხაბაძემ საგანგებო ბრიფინგზე
განაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო
კამპანიაში ერთვება, თუმცა
კონკრეტულად რა მიმართულებით არ
დაუკონკრეტებია.
"აჭარაში ოთხი წლის განმავლობაში
ფუნდამენტურად განვითარების გზა გავიარეთ, მთავრობა იყო გამჭვირვალე,
ღია და სამართლიანი. გაიზარდა აჭარის ტურისტული პოტენციალი,
უპრეცედენტო რაოდენობით გაიზარდა ბიუჯეტი და ინვესტიციები. მივიღე
გადაწყვეტილება დავტოვო ჩემი პოსტი და ახალ ამპლუაში გავაგრძელო
საქმიანობა“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის
პოსტზე არჩილ ხაბაძე შესაძლოა, ყაზახეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ
პატარაძემ შეცვალოს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი
მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას უახლოეს დღეებში
ძალიან ღირსეული ადამიანი დაიკავებს,
„ჩვენ გვაქვს სრული რესურსი, რომ
უმაღლეს საბჭოში დამტკიცდეს ახალი თავმჯდომარე. უახლოეს დღეებში
წარიმართება ეს პროცესი და კონკრეტული შედეგით დასრულდება. ჩვენ
დარწმუნებული ვართ, რომ უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას
მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების თაობაზე და ეს უახლოეს დღეებში
მოხდება. ახალ კანდიდატურაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ძალიან
ღირსეული ადამიანი დაიკავებს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. ეს
არის კონკრეტული უმაღლესი თანამდებობის პირების და ორგანოების
კომპეტენცია“, - განაცხადა კობახიძემ
მისი თქმით, არჩილ ხაბაძის
გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა. ეს გადაწყვეტილება გუნდში
კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს
"რაც შეეხება ბატონი არჩილის
მომავალ პოზიციას, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვექნება. ის
რჩება ჩვენს გუნდში, ის დაიკავებს დღევანდელი თამანდებობის ადეკვატურ
პოზიციას და ახალ ამპლუაში განაგრძობს მუშაობას „ქართული ოცნების“
გუნდთან ერთად“, - განაცხადა კობახიძემ.
კანონის თანახმად, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის ახალი მეთაურის კანდიდატურა პრეზიდენტმა
პრემეირთან შეთანხმებით უმაღლეს საბჭოს ათი დღის ვადაში უნდა
წარუდგინოს.