|
|
|
08.02.2010
სააკაშვილი - მთავარ საკითხებზე ეროვნული ერთიანობის დარღვევა დემოკრატიისთვის მომაკვდინებელია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ბედი საქართველომ არასოდეს უნდა გაიზიაროს.
როგორც პრეზიდენტმა დღეს უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, უკრაინის სამწუხარო მაგალითი არის ის, რომ კომპრომისები რეფორმებზე და ეროვნული ერთიანობის დარღვევა მთავარ საკითხებზე, ნებისმიერი დემოკრატიისთვის მომაკვდინებელია. ~ეს არის ჩვენთვის აცრა იმაზე, რომ ეს არასოდეს დაგვემართოს~, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრაზე საქართველოს რეგიონებში მიმდინარე ტურისტულ პროექტებზეც ისაუბრა და ასევე პარლამენტის გარდაცვლილი დეპუტატი ვანო ხუხუნაიშვილი გაიხსენა. მისი თქმით, იგი ვანო ხუხუნაიშვილთან მრავალი წლის განმავლობაში მეგობრობდა. მან ასევე გაიხსენა ის პერიოდი, როცა ვანო ხუხუნაიშვილი რადიკალურ ოპოზიციაში იყო.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ზოგჯერ მას მსგავსი ოპოზიცია ენატრება. მისი თქმით, ხუხუნაიშვილმა არც ერთი უცხო ენა არ იცოდა, გარდა რუსულისა, მაგრამ მაინც ყველასთან ახერხებდა საერთო ენის გამონახვას.
~იგი მიიჩნევდა, რომ საქართველოს გაძლიერება და კეთილდღეობა იყო მისი გამარჯვება. ნამდვილად არ ფიქრობდა, როგორც დღეს ბევრს მიაჩნია, რომ პარტიზანივით მოქმედება, ყველაფრის გადაწვა, მოსპობა და მთავრობის დაზიანება გაამთლიანებდა და გააძლიერებდა ქვეყანას~, - განაცხადა პრეზიდენტმა.
"InterPressNews"






