84 გარდაცვლილი და ასობით დაშავებული - თავდასხმის ობიექტი ამჯერად საფრანგეთის ქალაქი ნიცა გახდა.
დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
18 ადამიანის მდგომარეობა კი კრიტიკულია. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალაქში ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობდა.
ხალხის მასაში დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა შევარდა. ვრცელდება ცნობა, რომ მძღოლმა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით ცეცხლიც გახსნა. ამ დროისთვის თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
დასავლური მედია წერს, რომ სატვირთო მანქანაში იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივა.