სიახლეები
გონიოს სადაო მიწები

 

გონიოში 271 ოჯახი წართმეული მიწების დაბრუნებას დღემდე უშედეგოდ ითხოვს.

2 წლიანი მუშაობის შემდეგ, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ჯერ  უცნობია, როდის დაიბრუნებს მოსახლეობა სარგებლობაში მქონე მიწებს.

ადგილობრივები პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ. პროცესში ჩართული მესამე სექტორი კი კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

გონიოს 300-მდე ოჯახი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დაბრუნებას ამ დრომდე ელოდება.

ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ 2-წლიანი მუშაობა საპროტესტო აქციების შემდეგ შეაჯამა და ბათილად გამოაცხადა 2010 წელს, მიღებული დადგენილება, რომლის მიხედვითაც ამ ოჯახებს, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, 2008 წელს გადაცემული მიწები ჩამოართვეს.

პროცესში ჩაერთო მესამე სექტორიც. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ კომისიის მიერ მიღებულ დადგენილებას გადაწყვეტილება -გადაწყვეტილებისთვის უწოდებს და მას გულრგილობაში ადანაშაულებს.

მათი თქმით, რეესტრმა ვერ დაადგინა, კონკრეტულად რომელი პირის მიმართ აღდგა საკუთრების  უფლება და რა კრიტერიუმით შეიძლება მიწის დაბრუნება.

მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარის, ლევან კინწურაშვილის თქმით, დადგენილება მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამოიცა.

მიწები მესაკუთრეებს ინდივიდუალური განხილვის შემდეგ დაუბრუნდებათ და ამას რამდენიმე თვე დასჭირდება.

მიწები, რომლებზე დავაც უკვე 4 წელია მიმდინარეობს, კულტურულ ზონაშია მოქცეული. ამ ტერიტორიაზე კაპიტალური მშენებლობა კანონით იკრძალება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ ეს ტერიტორიები არქეოლოგიურად შესასწავლია. ამ ეტაპზე 15 ოჯახს, მიწის არა თუ კაპიტალური მშენებლობის არამედ სასოფლ-სამეურნეო მიზნით გამოყენებაც ეკრძალებათ.

მიწების საკუთრებაში დასაბრუნებლად პროცესი ხელახლა დაწყებაა საჭირო. ამისთვის საჯარო რეესტრმა მერიისგან დაზარალებულ ოჯახთა სია თავიდან უნდა მიიღოს, რის შემდეგაც დავებს ინდივიდუალურად განიხილავენ.

 

Print