სიახლეები
ვარშავის სამიტის შედეგები


ისტორიული შეხვედრა და ცივი ომის შემდგომ ყველაზე მასშტაბური ნატოს სამიტი.

მსოფლიო ლიდერებმა  ჰიბრიდული ომი, ტერორიზმი, კონფლიქტები  და სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები განიხილეს. სამიტის მეორე დღის მთავარი თემა ავღანეთი იყო. გადაწყდა, რომ მტკიცე მხარდაჭერის" მისია ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება. მანამდე კი ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განთავსების გადაწყვეტილება  მიიღო. თემა მაია შამანაურმა შეაჯამა.

ნატოს ვარშავის სამიტზე აღმოსავლეთ ევროპაში ახალი სამხედრო შენაერთების განთავსებაზე შეთანხმდნენ. პირდაპირი რეაქცია რუსეთის რევანშისტულ პოლიტიკაზე და ყველაზე მკვეთრი ზომა ცივი ომის დასრულების შემდეგ - ასე აფასებს დასავლური მედია ალიანსის ამ გადაწყვეტილებას.

იენს სტოლტენბერგი; ნატოს გენერალური მდივანი

რუსეთი ჩვენი უდიდესი მეზობელია. ის გაეროს მუდმივი წევრია. ამიტომ ევროპის უსაფრთხოებაში უდიდეს როლს თამაშობს. რუსეთის იზოლაცია არ უნდა მოხდეს. თუმცა ჩვენ  გავასამმაგეთ ნატოს რეაგირების ძალები. გვექნება მეტი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა. ჩავატარებთ მეტ წვრთნებს. აქვე დავამატებ, თავდასხმა ერთ წევრზე მთელი ალიანსის საპასუხო რეაქციას გამოიწვევს.

4 ახალი მრავალეროვანი სამხედრო შენაერთი პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში განთავსდება. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ლატვიაში სამხედროებს კანადა, ლიტვაში - გერმანია, ესტონეთში - დიდი ბრიტანეთი, ხოლო პოლონეთში - ამერიკის შეერთებული შტატები გააგზავნიან.

ბარაქ ობამა; აშშ-ის პრეზიდენტი

ალიანსი ემზადება აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. შემიძლია განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება წამყვანი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს მიერ აქ, პოლონეთში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში მიიღებს მონაწილეობას. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განათავსებს აქ, პოლონეთში ერთ ბატალიონს - დაახლოებით ათას ამერიკელ სამხედროს როტაციის პრინციპით.

ანჟეი დუდა; პოლონეთის პრეზიდენტი

მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაში ასეთ გადამწყვეტ როლს შეასრულებს და ჩვცენ ტერიტორიაზე განთავსდებიან.

კრემლიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციაზე თანხმდებიან ევროკავშირი და ნატო. სწორედ ამიტომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ბრიუსელს  შორის "ჰიბრიდული საფრთხეების" წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია გაფორმდა.

დონალდ ტუსკი; ევროპის საბჭოს პრეზიდენტი

გვსურს მზად ვიყოთ და მოვახდინოთ კოორდინირება საპასუხო ქმედებისთვის იმ შემთხვევაში თუ ჩემი რომელიმე წევრი ქვეყანა ან ინსტიტუტი ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება. გვსურს თავდასხმების პრევენცია.

იენს სტოლტენბერგი; ნატოს გენერალური მდივანი

ერთობლივი მუშაობით  ჩვენი რესურსების ეფექტიან გამოყენებას შევძლებთ. თანამშრომლობა ნატოსა და ევროკავშირს შორის ახლა ისეთი მნშვნელოვანია როგორც არასდროს. ჩვენი ერთიანი პოზიცია გვაქვს რუსეთთან მიმართებაში.

საფრანგეთი და ნატო -ს რამდენიმე სხვა წევრი ქვეყანა, მათ შორის, გერმანია და იტალია, ალიანსს "ცივი ომის" თავიდან აცილების მიზნით, მოსკოვთან საკომუნიკაციო არხების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

ფრანსუა ოლანდი; საფრანგეთის პრეზიდენტი

ნატო-ს არ აქვს უფლებამოსილება, ისაუბროს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ევროპის ურთიერთობა რუსეთთან. საფრანგეთისთვის რუსეთი საფრთხე და მტერი არ არის. რუსეთი პარტნიორია, რომელსაც ზოგჯერ შეუძლია ძალის გამოყენება, რაც ჩვენ უკრაინაში ვნახეთ. ჩვენ დავგმეთ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბარია აბსურდულია -  ასე აფასებენ ალიანსის გზავნილს მოსკოვში. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ნატოს ანტირუსული პროპაგანდის ნაცვლად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

დიმიტრი პესკოვი; რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი

თუ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გარეშე მტრის ხატის მოძიება სჭირდება, ეს ხატი კი რუსეთია და რუსოფობია ინერგება  და ასე"რუსეთის საფრთხის" წინააღმდეგ მოქმედებებს გააგრძელებს, მოსკოვი და ალიანსი საერთო ენას ვერ გამონახავენ.

წევრი ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემების კოორდინირებაზეც შეთანხმდნენ, რომელიც ნატო-ს კონტროლის ქვეშ, ესპანეთში ამერიკულ ხომალდების, თურქეთსა და რუმინეთში  კი ანტისარაკეტო რადარების ერთობლივ  მუშაობას მოიცავს. ვარშავაშივე გაირკვა, რომ ნატოს  მომდევნო სამიტი ბრიუსელში 2017 წელს ჩაინიშნა.

 

Print