თავდაცვა
კონფერენცია „ნატოს ვარშავის სამიტი - გამოწვევები და მოლოდინები“ გაიმართება
კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეები ისაუბრებენ 2016 წლის ნატოს სამიტის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე
დღეს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება კონფერენცია - "ნატოს ვარშავის სამიტი - გამოწვევები და მოლოდინები".
კონფერენციის ორგანიზატორების განცხადებით, ის მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლების 2016 წლის ვარშავის სამიტის დღის წესრიგის შესახებ დისკუსიაში ჩართვას.
კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეები ისაუბრებენ 2016 წლის ნატოს სამიტის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე, ნატოს აღმოსავლეთის საზღვრებზე არსებული მთავარი გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. მომხსენებლები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნატოს პოლიტიკა, ახალი საფრთხეებსა და გამოწვევებთან მიმართებაში სტრატეგიული მიდგომა, რომელიც ძირითად კონცენტრირებულია აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოზე, საქართველოს ამჟამინდელი ჩართულობა ნატოში და საქართველო-ნატოს სამიტის შემდგომი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
კონფერენციას ორგანიზება გაუწიეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა და საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ რუმინეთის, პოლონეთის საელჩოებისა, ნატოს სამოკავშირეო ოფისის მხარდაჭერით.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

Print