საზოგადოება
პრემიერი : საქართველოში ტურისტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა
საქართველოს პოპულარიზაცია იზრდება.

საქართველოს პოპულარიზაცია იზრდება, მნიშვნელოვნად აიწია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობამ და ვფიქრობთ უფრო მეტ ტურისტს უნდა ველოდოთ მომავალ წელს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ზრდის მაჩვენებლები გააცნო. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შვიდ თვეში ტურისტების რიცხვმა შეადგინა 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანი,რაც უპრეცედენტოდ დიდი მაჩვენებელია და დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

„ასევე რეკორდული გამოდგა კონკრეტულად ივლისის თვე - საქართველოს ეწვია 764,022 საერთაშორისო მოგზაური, რაც 26,124-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ძალიან სასიხარულოა, რომ ზრდის ტენდენცია მეზობელ ქვეყნებთან ერთად, ისევ შენარჩუნებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამომსვლელების კუთხით. 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 354.5 მილიონი დოლარი, რაც 15.7-პროცენტიანით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ვფიქრობ, ეს ტენდენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს შემოსავლების ზრდას ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში ჩართული ყველა ადამიანისთვის, დაწყებული ოჯახური სასტუმროებიდან, დამთავრებული დიდი მსხვილი ტურისტული კომპლექსებით. ეს არის მეტი დასაქმებული ადამიანი საქართველოში, რაც ჩვენი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს ვინც ამ მიმართულებით იმუშავა ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ტურიზმის ადმინისტრაციას, ასევე, კულტურის სამინისტროს. სწორედ გარკვეული ღონისძიებების შედეგად, რომლებიც სახელმწიფომ გაატარა, იქნა მიღწეული ასეთი მაჩვენებელი, რაც ძალიან კარგია,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მომავალი წლის ღონისძიებები ახალი სქემით, საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელის მიხედვით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიგეგმება. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ტურისტთა რიცხვის ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

„ვფიქრობთ უფრო მეტ ტურისტს უნდა ველოდოთ მომავალ წელს, რაც ასევე განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ადგილობრივი ინფრასტურქტურა უნდა მოვამზადოთ და ამ მიმართულებით ბევრი უნდა ვიმუშაოთ,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Print