საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი მუშაობს
აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი მუშაობს, აქედან 9 თბილისშია.

აპლიკანტების რეგისტრაცია 08:00 საათზე, საგამოცდო პროცესი კი, 09:00 საათზე დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს ყურადღებით დააკვირდნენ საგამოცდო ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და დაიცვან გამოცდაზე მოქცევის წესები.
წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის და არა პასუხების ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000 - მდე სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500 - ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე 22 700 - ზე მეტი პედაგოგი.
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, რუსთავი, თელავი, ხულო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
Print