საზოგადოება
ნათელა ჟორდანია ლევილის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკანასკნელი პატივი მიაგეს საფრანგეთის ქართველობაში "დედად" წოდებულ ქალბატონს.

ოჯახის წევრებმა - პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შთამომავლებმა და საფრანგეთის ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებმა უკანასკნელი პატივი მიაგეს საფრანგეთის ქართველობაში "დედად" წოდებულ ქალბატონს.

ნათელა ჟორდანიას დაკრძალვას დაესწრო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე. სახელმწიფო მინისტრმა ნათელა ჟორდანიას ოჯახს გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია მეორისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილები, სადაც აღნიშნულია ნათელა ჟორდანიას ღვაწლი საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაში.

სახელმწიფო მინისტრმა უკანასკნელი პატივი მიაგო ნათელა ჟორდანიას ნათელ ხსოვნას და ლევილის სასაფლაოზე წარმოთქმულ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ღვაწლს ლევილის მამულის შენარჩუნებასა და მოვლა-პატრონობაში, შემდეგ კი, მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში. გელა დუმბაძემ აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მუდამ სამშობლოს ნათელ მომავალზე ფიქრს და ქართულ ემიგრაციაზე ზრუნვას უკავშირდებოდა, და რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდად აფასებს მის ამ ღვაწლს და პატივს მიაგებს ქალბატონ ნათელა ჟორდანიას ნათელ ხსოვნას.

 

Print