სამართალი
ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
საგამოძიებო სამსახურმა ანარ მამადოვი სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე ანარ მამადოვი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით უკანონოდ შემოიტანა არადეკლარირებული, უმაღლესი სინჯის ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტისგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენას 33 000 ლარს.
საგამოძიებო სამსახურმა ანარ მამადოვი სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.
Print