პოლიტიკა
ცესკომ საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა დგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები წალკის, ჭიათურის, აბაშის, კრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, რომელიც ბოლნისის, ქალაქ ახალციხის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში ჩატარდება.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკები ორივე ზემოთ აღნიშნული არჩევნებისთვის. "საკრებულოს შუალედური, ასევე მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ყველა საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, მერისა და გამგებლებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო. საერთო ჯამში, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება 7 ადგილობრივი საარჩევნო ოლქის 106 საარჩევნო უბანზე, ხოლო მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 263 საარჩევნო უბანზე. ასევე, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განკარგულებით დაამტკიცა საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს სამხედრო ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული წესით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობის წესი. განკარგულების თანახმად, ავღანეთში შეიქმნება 2 საარჩევნო უბანი: ბაგრამის საარჩევნო უბანი და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი. კენჭისყრა გაიმართება 2016 წლის 1-ელ ოქტომბერს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ადგილობრივი დროით. გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანში შეიძლება დაბრუნდეს საღამოს 8 საათის შემდგომ. 1-ელ ოქტომბერს ფორს-მაჟორული გარემოებების შესაძლო დადგომის შემთხვევაში, კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს გარემოებების აღმოფხვრიდან მომდევნო დღეს, მაგრამ არა უგვიანეს 4 ოქტომბრისა. იქიდან გამომდინარე რომ, საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნები ერთდროულად გაიმართება 2016 წლის 8 ოქტომბერს, ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარეებისთვის, მათ შორის დამკვირვებლების და მედიის არჩევნებში მონაწილეობის წესი",- განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, სხდომაზე, ცესკომ ასევე მიიღო დადგენილება 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისთვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ. "საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. მნიშვნელოვანია, ის რომ ნებისმიერი სხვა პროცედურა, რომელიც არეგულირებს პარტიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების საკითხს, არ წარმოადგენს ზოგადად პარტიის რეგისტრაციის შეწყვეტის ან შეჩერების საფუძველს. სწორედ ამიტომ ცესკომ დაადგინა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მიზნებისთვის, ამ პარტიების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილნი არიან ცესკოს თავმჯდომარის სახელზე წარდგენილ განცხადებაზე ხელმომწერი პირები. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად უთხრა ან ეტყვის უარს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრში ცვლილებზე 2016 წლის 8 სექტემბრამდე, რაც არის პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა",- განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა
Print