სიახლეები
ვითარება ოპერის თეატრში

რამდენიმე დღიანი დაპირისპირება ოპერისა და ბალეტის  თეატრში- თეატრის სამხატვრო ხელმძღანელის გათავისუფლებით დასრულდა.

დავით კინწურაშვილის წასვლის შესახებ გადაწყვეტილება კულტურის მინისტრმა მიიღო.  თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, ნეპოტიზმი, ერთპიროვნული მმართველობა და არაპროფესიონალიზმი - ეს იმ პრეტენზიების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დავით კინწურაშვილს თეატრის დასის წევრები უყენებდნენ, თუმცა გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე - თავად კინწურაშვილმა თეატრიდან რამდენიმე თანამშრომელი დაითხოვა.  გათავისუფლებული თანამშრომლები თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ  და  კულტურის მინისტრს -  ყოფილი სამხატვრო  ხელმძღვანელის ბრძანების გაბათილებას სთხოვენ.

ოპერისა და ბალეტის  თეატრის გათავისუფლებული თანამშრომლები დავით კინწურაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ.

ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს თანამშრომლები კანონმდებლობის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებენ და ღირსებისა და პატივის შელახვისათვის  ზიანის ანაზრაურებას ითხოვენ.

ოპერის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის წინააღმდეგ ბრალდებები ოპერის დასს  სცდება. დავით კინწურაშვილის ფინანსურ გადაცდომებსა და ოპერის თეატრის არამიზნობრივ გამოყენებაზე  თამარ ივერი  საუბრობს.

მისი თქმით, თეატრის სცენა გაქირავდა ქორწილისთვის, ეროტიული ფილმის გადაღებისთვის.

ბრალდებებს პასუხობს ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი. დავით კინწურაშვილი დასის წევრებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მის გათავისუფლებას პირად ანგარიშწორებას უკავშირებს.  ოპერის თეატრში რამდენიმე დღიანი  პროტესტის   ინიციატორად  კი, თამარ ივერს ასახელებს.

დასსა და მენეჯმენტს შორის რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ,  კულტურის მინისტრმა დავით კინწურაშვილს  გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა კინწურაშვილმა თანამდებობის დატოვების ნაცვლად,  თეატრში საკადრო ცვლილებები დაიწყო.

ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა  თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ბრძანება,  სწორედ, პოსტის დატოვებამდე , რამდენიმე საათით ადრე  დაწერა.

ოპერის თეატრში დირექტორის მოვალეობას  ამჟამად, ალექსანდრე მოწონელიძე ასრულებს. დავით კინწურაშვილის შემცვლელალდ პრესა  - თამარ ივერის, დავით საყვარელიძის,  ანიტა რაჭველიშვილის  და ნანა ქავთარაშვილის  კანდიდატურებზე წერს.  თეატრში ამ თემაზე არ საუბრობენ.

ოპერისა და ბალეტის თეატრში მდგომარეობას კულტურის სამინისტროს აუდიტი შეისწავლის.

 

Print