კულტურა
თიანეთობა

თიანეთში სახალხო ზეიმი - თიანეთობა 2016 აღნიშნეს.

ზეიმის ფარგლებში დაბაში ყველაზე დიდი ხიდი და პოეტ მირზა გელოვანის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა, თიანეთში ყველაზე გრძელი ხიდის საზეიმო გახსნით დაიწყო და მირზა გელოვანის განახლებულ მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაგრძელდა. ორსართულიანი ქვითა და აგურით ნაშენები შენობა 1983 წლიდან ფუნქციონირებს.

მუზეუმში ბელორუსში დაკრძალული ქართველი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალებია წარმოდგენილი.

დღესასწაულს მთელი დღის განმავლობაში აღნიშნავდნენ ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკშიც. სადაც, მიმდინარეობდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ მთის სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული ჩაი და ტრადიციული ფშავ-ხევსურული კერძები.

დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დათვალიერებისას სტუმრებს, გიდობას თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი უწევდნენ.

მსოფლიო რეკორდსმენმა გიორგი მათურელმა დღესასწაულზე მსოფლიო რეკორდი უკვე მეშვიდედ დაამყარა.

თიანეთობის დღესასწაულზე ტრადიციულად ჯილდოვდებიან საპატიო მოქალაქეები, ამჯერად ეს წოდება პოეტ ბესიკ ხარანაულს და ექიმ ალექსანდრე სალუღელაშვილს მიენიჭათ.

სახალხო დღესასწაულის მიზანი ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების, ხალხური რეწვის, ფშავ-ხევსურული ტრადიციებისა და სამზარეულოს პოლულარიზაციაა.

„თიანეთობა“  ტრადიციულად 2009 წლიდან აგვისტოს თვეში აღინიშნება.

 

Print