კულტურა
მცხეთა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას დაუბრუნდა
გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიაზე მიიღეს.
იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა.

გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიაზე მიიღეს.

საქართველოს დელეგაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და სააგენტოს თანამშრომლები წარმოადგენდნენ.

კომიტეტის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასდა ის კომპლექსური ძალისხმევა, რომელსაც სახელმწიფო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით ახორციელებს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა კომიტეტის წევრებს მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. კომიტეტის წევრებს ასევე, საშუალება ჰქონდათ მცხეთის ისტორიული ძეგლების დაცვის მიმართულებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით, დეტალურ ანგარიშს გაცნობოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან (ICOMOS, ICC ROM) მჭიდრო თანამშრომლობა და რეგულარული კონსულტაციები გაგრძელდება, რომლებიც საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებსა და მათ შორის მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას განაგრძობენ.

მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდანაა შესული, თუმცა 2009 წლიდან იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიტანეს.
Print