თავდაცვა
თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში შეხვედრა გამართა

 

ქართველ სტუმრებს თავდაცვის კოლეჯის მეთაურმა უმასპინძლა.
თავდაცვის მინისტრის ვიზიტი იტალიაში გრძელდება. თინათინ ხიდაშელი დელეგაციის წევრებთან ერთად რომში, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში იმყოფებოდა. ქართველ სტუმრებს თავდაცვის კოლეჯის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იანუშ ბოიარსკიმ უმასპინძლა.

მან თინათინ ხიდაშელს სასწავლებლის პროგრამები გააცნო და ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში სტუმრობა მსმენელებთან შეხვედრით გაგრძელდა.

თინათინ ხიდაშელმა სხვადასხვა ქვეყნების ოფიცრებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების, ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებული მოლოდინებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ლექცია წაუკითხა.

მინისტრმა მსოფლიო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილსა და ტერორიზმის საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება.

„ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი, რომელიც ნატოს სისტემაში ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია, დაახლოებით იმ ტიპის ინსტიტუციაა, რომლის მსგავსიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავხსენით საქართველოში. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს თავდაცვის აღმშენებლობის სკოლა (DIB) სულ რამდენიმე წელში ზუსტად ამავე სტანდარტის იქნება. 21 სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ოფიცერთან, პოლკოვნიკებთან და გენერლებთან ერთად შესაძლებლობა მქონდა, გვესაუბრა საქართველოს როლზე, საქართველოს მისიაზე ავღანეთსა და ერაყში, მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი ხალხისა და მისი შეიარაღებული ძალების მიერ გაღებული კონტრიბუციის შესახებ. მქონდა შესაძლებლობა, გაგვეცვალა არგუმენტები, რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანა და რატომ არის საჭირო მეტი მობილიზაცია დასავლელი პარტნიორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის გაძლიერების და თავდაცვისუნარიანობის გამყარებისთვის“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის პირად შემადგენლობასაც შეხვდა და კოლეჯის მისიისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია მოისმინა.

რომის ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში ვიზიტის შემდეგ თინათინ ხიდაშელი იტალიის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების განაღმვის დახელოვნების ცენტრსაც ეწვია, სადაც საქართველოს და იტალიას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა დაიგეგმა.

 

Print