თავდაცვა
თინა ხიდაშელი: ჩვენი ბიჭები არაფერ შუაში არ არიან
საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა მინისტრს ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გააცნეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნებულ საგამოძიებო ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელმა ბანგიში ჩატარებული გამოძიების შესახებ ანგარიში ჯგუფის წევრების მიერ უშუალოდ მოისმინა და გაწეული სამსახურისთვის ქართული მხარის საგამოძიებო ჯგუფს მადლობა გადაუხადა.

საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა მინისტრს ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გააცნეს.

მათი თქმით, სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვა, ფოტოსურათებით ამოცნობა და ჩვენების ადგილზე შემოწმება - საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პროკურატურის გამომძიებლების თანდასწრებით განხორციელდა.

თინა ხიდაშელმა გამომძიებლისგან გამოძიების პროცესში დაგეგმილი შემდეგი ნაბიჯებიც მოისმინა და აღნიშნა, რომ ბანგიში მოპოვებული მასალების სამართლებრივი შეფასების შედეგად უახლოეს მომავალში მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

„ჯგუფის ვიზიტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ძალიან წარმატებული იყო. მათ შესაძლებლობა მიეცათ, სრულად ჩაეტარებინათ ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ საქმეს სჭირდება. ძალიან სასიამოვნო, იმედის მომცემი ინფორმაციებით დაბრუნდნენ. ჩვენ წინასწარი მდგომარეობით, წინასწარი მოკვლევის ამ ეტაპზე, ნამდვილად შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების პასუხი და შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს პასუხი ამ ბრალდებებზე ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია - ჩვენი ბიჭები არაფერ შუაში არ არიან, ყველაზე კარგ შემთხვევაში, უბრალო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს გაუგებრობა უნდა აღმოიფხვრას და უკვე გაეროსგან დაველოდებით შესაბამის ადეკვატურ განცხადებებს და პასუხებს“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალ კვირას თავდაცვის უწყების თანამშრომლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული მოლაპარაკებებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ გამოცდილებას ევროკავშირის წარმომადგენლებს გაუზიარებენ.

ასევე დაიგეგმა 6-თვიანი ანგარიშის მომზადება - უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის საკითხზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გაკეთებული განცხადებიდან დღემდე ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

2016 წლის მარტში გაერო-მ განცხადება, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა მხრიდან სექსუალური ძალადობის ახალი ფაქტები გამოვლინდა, რაზეც გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც შიდსთან მებრძოლმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "Code Blue Camnpaig"-მა გაავრცელა ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმად გაერო-ს მშვიდობისმყოფელებმა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულმა სხვა ქვეყნების კონტინგენტების წარმომადგენლებმა 98 გოგონა გააუპატიურეს, რამდენიმე მათგანს კი ზოოფილიის აქტის ჩადენა აიძულეს, რისთვისაც დაახლოებით 9 აშშ დოლარი გადაუხადეს.

"Code Blue Campaign"-ში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეხება ფაქტებს, რომელიც 2013 წლიდან და ასევე, მარტის თვეში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირდა.

Print