თავდაცვა
ქართველმა სამხედროებმა უელსში გამართულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
უელსში, სენიბრიჯის სასწავლო ცენტრის ბაზაზე
საბრძოლო სროლებით საველე ტაქტიკური სწავლება გაიმართა.
ბრიტანელ და კანადელ სამხედროებთან ერთად წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის "ალფა" ასეულის ათეულმა მიიღო მონაწილეობა. "ალფა" ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NღF) წევრიც არის.
ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ინდივიდუალური და კოლექტიური მომზადება გაიარეს და უელსის 160-ე ბრიგადის მე-6 ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ჩატარებულ ქვეითი ათეულის, ოცეულისა და ასეულის შეტევით და თავდაცვით ოპერაციებშიც ჩაერთნენ. სწავლების განმავლობაში სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობებიც ჩატარდა.
სწავლება უელსის 160-ე ბრიგადის მე-6 ქვეითმა ბატალიონის ორგანიზებით ჩატარდა. წვრთნის მიმდინარეობას ბრიტანელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსი ოფიცრები, ვიცე-პოლკოვნიკი ვახტანგ ქარცივაძე და მაიორი გიორგი მაისაშვილი აკვირდებოდნენ. მათ წვრთნაში მონაწილე ქართველი სამხედროები მაღალ დონეზე შეაფასეს. აღინიშნა, რომ მსგავსი სახის სწავლებებში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საბრძოლო მომზადების კუთხით სიახლეები დანერგოს
Print