თავდაცვა
„საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე მოთხოვნა ჯარის პოპულარობაზე მეტყველებს“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებისთვის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე მოთხოვნა ჯარის პოპულარობაზე მიუთითებს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართულ ჯარში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება არ განხორციელებულა. ჩვენ 2015 წლის ბოლოდან უკვე სამი გაწვევა გვქონდა და დაახლოებით 1000 სამხედრო მოსამსახურით შეივსო საკონტრაქტო სამსახური. აქ საუბარია სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც საკუთარი ნებით მოდიან ჯარში და ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურებით ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას... 2017 წელსაც, ანალოგიურად, სამი გაწვევა გვაქვს დაგეგმილი, იმიტომ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სჭირდება შევსება ახალი კადრებით, სჭირდება ახალგაზრდობა და მოთხოვნა არის ძალიან დიდი. დაახლოებით ათჯერ მეტ განცხადებას ვიღებთ ჩვენ, ვიდრე შეგვიძლია, რომ დავაკმაყოფილოთ. ეს, ჩემი აზრით, ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის, ჯარის პოპულარობაზე და იმაზეც, რომ ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეიარაღებულ ძალებს“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

Print