საზოგადოება
პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა
თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა. ესტაკადის გახსნას დაესწრნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და საკრებულოს წევრები. 

როგორც მერიაში აცხადებენ, ესტაკადა საცობისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანს, მაჩაბელის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა მიმდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.

სამშენებლო სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია CRP-მ განახორციელა და პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 400 000 ლარი დაიხარჯა.

ესტაკადის იდეის ავტორის თამაზ შილაგაძის განცხადებით, მისთვის ყველაზე რთული იყო, რომ ქალაქის იერსახე შენარჩუნებულიყო და მნიშვნელოვანია, რომ პუშკინის ქუჩამ არ დაკარგა ძველი იერსახე.

ესტაკადა ლითონის კონსტრუქციითაა ნაგები და ახალი ხიდის სიმაღლის დონე თითქმის არსებული გზის შესაბამისია.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ახალი ესტაკადა ძველი ქალაქის სტილშია, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგა და ესტაკადის ქვეშ აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევები შენარჩუნდება.

”ძალიან ბევრ ქალაქში ვერ ნახავთ იმას, რაც შეგიძლიათ აქ ნახოთ, ერთი მხრივ, შეუფერხებელი მოძრაობა, მეორე მხრივ, შენარჩუნებულია მემკვიდრეობის ნაწილი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მშენებელ კომპანიას, ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებიც პუშკინის ქუჩაზე ცხოვრობენ და გაგებით მოეკიდნენ იმ ხმაურს, რაც ესტაკადის მშენებლობამ გამოიწვია.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ესტაკადა იქნება შეღავათი მოსახლეობისთვის. მისივე თქმით, გაადვილდება მოძრაობა, იქნება საწვავის ეკონომია.
Print