საზოგადოება
ილია მეორე პრემიერს თქვენ უყვარხართ ხალხს და სჯერა ხალხს
თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს, –ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

ილია მეორემ პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიაზე მყოფი საქართველოს პრემიერ–მინისტრი და მთავრობის წევრები დალოცა.

„პრემიერ–მინისტრო, მთავრობის წევრებო, მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და ილოცეთ ჩვენთან ერთად. წმინდა ილია წინასწარმეტყველი დიდი წმინდანია, მის სახელში ღმერთი ორჯერ არის ნახსენები. თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“,–განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის მღვდელთმთავრებსა და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. პრემიერ–მინისტრმა უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა და მას ქვეყნის საკეთილდღეოდ ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.

„მინდა მივულოცო მის უწმინდესობას ანგელოზის დღე. ჩვენი თვალით ვიხილეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში რწმენის აღორძინება და ეს არის მისი უწმინდესობის დამსახურება. მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე საქართველოს საკეთილდღეოდ“,–აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Print