სიახლეები
გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება
თბილისი მერიას გარევაჭრობის დასარეგულირებლად ახალი გეგმა აქვს
შეზღუდვები პირველ ეტაპზე ცენტრალურ ქუჩებს და ტურისტულ ზონებს შეეხება.
გარემოვაჭრეებს კეთილმოწყობილ ბაზრობებზე მუშაობის საშუალებას მისცემენ და საშეღავათო პერიოდს დაუწესებენ. გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
თბილისის ცენტრში გარევაჭრობის შესაზღუდად სხვადასხვა ღონისძიება არაერთხელ გატარდა. ამის მიხედავად, საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელია. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ კარგად ესმის არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა, თუმცა გარევაჭრობის რეგულაციებში მოქცევა აუცილებელია. დავით ნარმანიას განმარტებით, მერიას თვითდასაქმებული ადამიანების ამ კონკრეტული ჯგუფისთვის შეთავაზება ექნება - რაც ალტერნატიულ სავაჭრო ადგილებს გულისხმობს.
თბილისის მერის ეს განცხადება საკმაოდ არასასიამოვნო აღმოჩნდა გარემოვაჭრეებითვის. ნარმანია პირველი მერი არ არის, ვინც მათ უკვე არჩეული სამუშაო ადგილების დატოვებას და სხვაგან გადასვლას სთავაზობს.
მომხმარებლის უფლებების დამცველების აზრით, გარევაჭრობის პრობლემის სრულად მოგვარება სავარაუდოდ შეუძლებელია.
მათი თქმით, აუცილებელია აიკრძალოს მალფუჭებადი პროდუქტების ღია ცის ქვეშ გაყიდვა.
თბილისის ცენტრალური ბაზრის გარდა, გარევაჭრობის პრობლემა დედაქალაქის არაერთ ძირითად ქუჩაზე და მეტროსადგურების მიმდებარედ არის, რაც გარდა იმისა რომ გადაადგილებას ართულებს, ასევე იწვევს ანტისანიტარიას და უსიამოვნო სუნს.
რამდენად ეფექტური აღმოჩნდება გარევაჭრობის დარეგულირების მორიგი მცდელობა, მას შემდეგ გაირკვევა, რაც დედაქალაქის მერია ახალი ინციატივის ასრულებას დაიწყებს.

Print