საზოგადოება
კულტურული და გასართობი კალენდარი ტურისტებისთვის
მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო იქმნება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო იქმნება.
საბჭოს დებულებას მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს პრომოციას და, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაფინანსდა.
"ამ პროცესის კიდევ უფრო დახვეწისა და კერძო სექტორის ჩართულობის მიზნით, იქმნება საბჭო, რომელშიც შევლენ, როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები, მსხვილი ტურისტული კომპანიების, სასტუმროების ქსელების და ასეთი ტიპის კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტირების პროცესის პარალელურად, მოხდება მომავალი წლის კალენდრისა და დასაფინანსებელი ღონისძიებების პრიორიტეტების განსაზღვრა. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, საბჭომ იმუშაოს ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის მიმართულებითაც. სავარაუდოდ, შეიქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც არ უნდა იყოს მომგებიანი ორგანიზაცია და ის, სახელმწიფო-კერძო სექტორის თანამონაწილეობით, განახორციელებს ასეთი ტიპის პროექტებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სასტუმრო ქსელების, ისე ტურისტებისთვის წინასწარ იყოს ცნობილი, როგორი კულტურული და გასართობი კალენდარი იქნება ქვეყანაში, რათა დაგეგმონ საკუთარი აქტივობები და მეორეს მხრივ, ტურიზმის ადმინისტრაციამ დაგეგმოს საქმიანობა, ასეთი ტიპის ღონისძიებების ხელშესაწყობად.
"წელს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა და კიდევ ხორციელდება. ზაფხულის განმავლობაში გათვალისწინებულია ძალიან კარგი პროგრამა, თუმცა ასევე გამოიკვეთა ხარვეზები და ვფიქრობთ, მთელი ამ პროცესის დახვეწისთვის, ძალიან კარგი იქნება, კერძო სექტორის ჩართულობა ამ პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, იყოს უზრუნველყოფილი", - აღნიშნა პრემიერმა.


Print