საზოგადოება
თბილისის აეროპორტში - „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

 

ელენე ფირცხალაიშვილსა და გიორგი ცანავას პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს
"რუსთავი ორის" ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კურიერის ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ.
როგორც სამაუწყებლო კომპანიაში აცხადებენ, ელენე ფირცხალაიშვილსა და გიორგი ცანავას პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს.
გადამღები ჯგუფი აეროპორტში იმყოფებოდა და სტრასბურგში გამგზავრებამდე პარლამენტის წევრებს წერდა. ჩიორა თაქთაქიშვილის ინტერვიუს დროს მათ უცნობმა პირმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ოპერატორს სცემა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა. დაკითხვაზე გადაიყვანეს თავდასხმაში მონაწილე პირიც.
მომხდარ ინციდენტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
გვარამიას განცხადებით რომ სახეზეა არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევა, რაც ცემას გულისხმობს, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.
"მოგიწოდებთ და მოვითხოვ მთელი გუნდის სახელით, დაუყოვნებლივ დააკავოთ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდამსხმელი და კანონის მთელი სიმკაცრით აგებინოთ პასუხი. 125-ე ცემის მუხლი არ მიიღება. შეგახსენებთ, ინტერვიუს ჩაწერის დროს მოხდა ინციდენტი და სხეულის დაზიანებასთან ერთად, მინიმუმ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა" - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

 

Print