სამართალი
"სამი შეკითხვა მქონდა და სამივეზე პასუხი მიღებული მაქვს"
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე, რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.

რომან შენგელიამ დღეს „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ის ადგილი დაათვალიერა, სადაც მისი შვილის გვამი იპოვეს.

„დავათვალიერე მკვლელობის ადგილი. რა კითხვებიც მქონდა, იმაზე პასუხები უკვე მივიღე. სამი შეკითხვა მქონდა და სამივეზე პასუხი მიღებული მაქვს.  სროლა შიდა ტერიტორიაზე მოხდა“, - განაცხადა შენგელიამ.

რომან შენგელია სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.

23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

Print