სამართალი
გარდაცვლილის ოჯახი პოლიციელის დაუყონებლივ დასჯას ითხოვს

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი, 22 წლის დემურ სტურუას ოჯახი, რომელმაც თავი სავარაუდოდ, პოლიციელის ზეწოლის გამო მოიკლა, სამართალდამცველის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

 

ოჯახის წევრების თქმით, 22 წლის ახალგაზრდას, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სამართალდამცველი სისტემატურად ავიწროებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა.
გარდაცვლილის დის, ნათია სტურუას თქმით, დამოუკიდებელი ექსპერტიზა ცხედარს უკვე ჩაუტარდა, ახლა კი მათი ერთადერთი მოთხოვნა, პოლიციელის დასჯაა.

 

გარდაცვლილის ოჯახში, ამ წუთებში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებმაც ოჯახს საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დახმარება შეთავაზეს.

22 წლის ახალგაზრდას, სოფელ კულაში დღეს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის დემურ სტურუამ, თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელს ზეწოლაში ადანაშაულებდა. წერილით ირკვევა, რომ სამართალდამცველი მას თანამშრომლობას სთხოვდა იმის დასადგენად, თუ ვინ მოიხმარდა სოფელში მარიხუანას.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელმა, გამოძიების დასრულებამდე, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

Print