სამართალი
გიორგი პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკოსების განცხადებებს პასუხობს.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების, ხელისუფლების წარმომადგენლების და სხვადასხვა პოლიტიკოსების, მათ შორის  მამუკა მდინარაძის მხრიდან არაერთგზის გაკეთდა განცხადება, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებას უკავშირდება.
გიორგი პაპუაშვილის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ განცხადებების ავტორებს ან არ წაუკითხავთ გადაწყვეტილება ან არ ესმით მისი შინაარსი, ან განზრახ ახდენენ გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტირებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

 

"უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების, ხელისუფლების წარმომადგენლების და სხვადასხვა პოლიტიკოსების, მათ შორის, ბოლო დღეებში ბ-ნი მამუკა მდინარაძის მხრიდან არაერთგზის გაკეთდა განცხადება, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებას უკავშირდება. გამოითქვა მოსაზრება, რომ მოსამართლეთა ერთი ნაწილი მხარს უჭერდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას,  რაც გამოიწვევდა არჩევნების ჩაშლას (რასაც ე.წ „საკონსტიტუციო გადატრიალებაც“ კი დაარქვეს), ვინაიდან დროის მოკლე მონაკვეთში შეუძლებელი იქნებოდა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საარჩევნო ოლქების ხელახალი ადმინისტრირება. რჩება შთაბეჭდილება, რომ განცხადებების ავტორებს ან არ წაუკითხავთ გადაწყვეტილება ან არ ესმით მისი შინაარსი, ან განზრახ ახდენენ გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტირებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით",-აცხადებს პაპუაშვილი.

გიორგი პაპუაშვილის ინფორმაციით, საქმის გადაწყვეტაში მონაწილეობდა სულ 8 მოსამართლე და ისინი იყვნენ ერთსულოვანნი გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა პარლამენტის მიერ საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენას და ერთხმად მიიჩნიეს, რომ ეს ნორმები შეესაბამებოდა კონსტიტუციას.

"ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას თეორიულადაც კი არ შეეძლო გამოეწვია პარლამენტის მხრიდან საარჩევნო ოლქების ხელახლა მოწესრიგების საჭიროება და შესაბამისად არჩევნების ჩაშლა. გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეთა ხმები ორად გაიყო მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდებოდა ცესკო-ს მიერ საარჩევნო ოლქების დადგენისას გამოყენებულ კრიტერიუმებს. განხილვაში მონაწილე მოსამართლეთა ნაწილს, რომელიც  სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას უჭერდა მხარს, მიაჩნდა, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარისად ცხად კრიტერიუმებს, რომელიც ცესკო-ს შესაძლებლობას მისცემს საარჩევნო ოლქების საზღვრები კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად დაადგინოს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდებოდა, ის არ გამოიწვევდა ცესკო-ს მიერ საარჩევნო ოლქების თავიდან დადგენის პირდაპირ ვალდებულებას, ვინაიდან ცესკო-ს მიერ დადგენილი ოლქები გასაჩივრებული არ ყოფილა",-აცხადებს პაპუაშვილი.

Print