სამართალი
შსს-მ ფონიჭალაში მომხდარი, დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში მომხდარი, დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა.
როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, 22 თებერვალს თბილისში, ზემო ფონიჭალაში ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მარიამ მამფორიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე შსს-ში გამოძიება თვეების მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა, დაიკითხა არაერთი პირი და ჩატარდა საექსპერტო კვლევები, რის შედეგად დაკავებულია წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული მოქალაქე გიორგი ხ.
”გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ხ. მიმდინარე წლის 22 თებერვალს დილით თბილისში ზემო ფონიჭალაში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად მოკლა ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით მისი მცირეწლოვანი შვილი მარიამ მამფორია, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. იარაღზე და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური პროფილის კვალი აღმოჩნდა”, - განაცხადა პერტაიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის და მათ შორის მცირეწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუ რა შემხებლობა ჰქონდა ბრალდებულს გარდაცვლილებთან და ასევე არ სახელდება დანაშაულის ჩადენის მოტივი.
Print