სამართალი
ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს
მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს.
ორსაათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს მოკლული ომარ ქაფიაშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები ტაშით შეხვდნენ. დარეჯან მინდიკაურმა კი ბრალდებულს დარბაზიდან გასვლის წინ მკვლელი უწოდა. მაგდა პაპიძისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე ჩატარდება.
მხარეები ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობაზე ვერ შეთანხმდნენ. ბრალდების მხარე მომხრე იყო, რომ სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გამართულიყო. დაცვის მხარემ კი აღნიშნა, რომ მათი სურვილია მაგდა პაპიძეს სასჯელი მოსამართლემ დაუნიშნოს. 
სასჯელის დანიშვნის სხდომა მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ 6 ივლისს ჩანიშნა. 

მაგდა პაპიძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სასჯელის ზომას, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს. ამ მიზნით სასამართლო სხდომა 6 ივლისს, 11.00 საათზეა ჩანიშნული. მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს. მას ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Print