სამართალი
ყალბი ფულის ჯგუფურად დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავეს
კუსტარულად დამზადებული თანხა ასევე ამოღებულია სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის ჯგუფურად დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავეს.
"საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - ი. ნ. და მ. მ., წინასწარ შეთანხმებით ამზადებდნენ და ქ. თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ტაქსის მძღოლებზე სისტემატიურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ, ერთი და იგივე სერიული ნომრის მქონე 5, 10 და 20 ლარიან კუპიურებს, მათ შორის ახალი დიზაინის ბანკნოტებს.
ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებელი მოწყობილობა და კუსტარული წესით დამზადებული ყალბი ფულის კუპიურები. კუსტარულად დამზადებული თანხა ასევე ამოღებულია სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

Print