სამართალი
ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

 

"ის, რაც სასამართლოს კედლებში მიმდინარეობს არის სრული ფიქცია და რუსთავი 2-ის შტურმით აღების მცდელობა

სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხარეებს ფოსტის საშუალებით გაუგზავნა.
გვარამიას თქმით, მხარეს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა ჩაიბაროს განაჩენი და "რუსთავი 2" ამ ვადის გამოყენებას ბოლომდე გეგმავდა, ისევე, როგორც საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გამოყენებას.
"მიუხედავად იმისა, კანონი ადგენს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება მხარის ვალდებულებაა და გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, მხარე თავად უნდა მივიდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილება. მხარემ თავად უნდა გადაწყვიტოს ამ შუალედში როდის ჩაიბაროს განაჩენი. ცხადია ჩვენ 30-ე დღეს მივიდოდით და ბოლომდე გამოვიყენებდით ვადებს.
ამის მიუხედავად დღეს სასამართლომ თვითონ გამოგვიგზავნა გადაწყვეტილება, რომელიც როგორც აღმოჩნდა დაწერა 12 დღეში და შედგება 71 გვერდისგან. გადაწყვეტილება ჩვენ არ ჩაგვიბარებია, იმდენად, რამდენადაც კანონის დარღვევაა, სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნის ინსტიტუტს არ იცნობს.
ამ ყველაფრის რეალური შედეგი არის ის, რომ სასამართლოს მცდელობით ჩვენ 18 დღე მოგვპარეს გასაჩივრებისთვის. ეს არის ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოპარული ვადაც, იმისთვის, რომ მან ვერ მოასწროს გადაწყვეტილების გამოტანა 54-ე მუხლთან დაკავშირებით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ მხარეს ეს გადაწყვეტილება უკვე გადაეცა.
"მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ თქვენს განმარტებას, რას აკეთებს სააპელაციო სასამართლო?! რა ქმედებებია ეს?! საიდან იწყება ბოლო-ბოლო ჩვენი საკასაციო საჩივრის ათვლის ვადა? რატომ გამოგვეგზავნა ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევით და რატომ გადაიხადა სასამართლომ ამაში ფული? მოვითხოვ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება", - განაცხადა გვარამიამ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, დაიცვას ტელეკომპანიის, როგორც იურიდიული პირის და მასში მომუშავე ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. ასევე მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოითხოვს პასუხების გაცემას კითხვებზე, რომელიც მის მიერ უკვე დაისვა.


 

Print