სამართალი
საარჩევნო უბანზე ძალადობა დასჯადი გახდება

 

დანაშაული ჯარიმით ან 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.
მთავრობის საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში უკვე დაიწყო.
ცვლილებები "სისხლის სამართლის კოდექსში" და საარჩევნო კანონმდებლობაში ხორციელდება, რომლის განხილვა საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემა, სხვაგვარი ძალადობა ან ძალადობის მუქარა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.
აღნიშნული დანაშაული ჯარიმით ან 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ხოლო თუ იგივე ქმედებამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია ან ის ჩადენილია ჯგუფურად, თავისუფლების აღკვეთის სანქცია - სამი და 2-დან 5-წლამდე ვადით განისაზღვრება.
ცვლილებების ფარგლებში დაგეგმილია სანქციის გამკაცრება ისეთ დანაშაულებზე როგორიცაა, ცემა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.
გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში, პოლიციის მუშაკებს, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშე ყოფნის უფლება შეიძლება მიეცეთ.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით, პოლიციის მუშაკები შეიძლება გამოძახებულ იქნენ არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, არამედ მაშინაც, თუკი საფრთხე საზოგადოებრივ წესრიგს ექმნება.
გარდა ამისა, "საარჩევნო კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან დაცვის მიზნით.


 

Print