პოლიტიკა
საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა
553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა.

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას საბოლოოდ დაუჭირა მხარი, რაც საკითხის პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტის ბოლო ეტაპი იყო. კენჭისყრისას სულ 553-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 66-ის წინააღმდეგ, 28 ევროპარლამენტარმა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდნენ ევროპარლამენტში ჰოლანდიისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები. მათ ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზებული დანაშაულის საფრთხე დაასახელეს.

საბოლოო თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, სავარაუდოდ, მარტის ბოლოა.

პარლამენტის კენჭისყრის დადებითი შედეგით დასრულების შემდეგ, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე და კენჭისყრას ჩაატარებს საბჭოს სხდომაზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენელი ცვლილებას მოაწერს ხელს და განახლებული რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

დოკუმენტის გამოქვეყნებიდან 20 დღეში საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.



Print