პოლიტიკა
ლიტვის სეიმმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო
ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2016 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო.

რომელშიც ლიტველი დეპუტატები ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მოუწოდებენ უმოკლეს ვადებში იქნას მიღებული ყველა საჭირო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილებასთან დაკავშირებით.

სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის შეფასების თანახმად, საქართველომ წარმატებით განახორციელა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო 2016 წლის 5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს.

ლიტვის სეიმი მოუწოდებს სლოვაკეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ასევე, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მიიღონ ყველა საჭირო გადაწყვეტილება საქ. მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს საქართველოს საზოგადოების ნდობის განმტკიცებას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და იმ რეფორმების გაგრძელებისთვის, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემასთან.

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის მიერ აღნიშნული განცხადების გაკეთებას წინ უძღოდა 19 სექტემბერს ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქ-ნი ხათუნა სალუქვაძის შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრებთან. შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ლიტველ პარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს.

Print