პოლიტიკა
"ახლა არჩევნებია და არმია და შეიარაღებული ძალები უნდა იყოს დეპოლიტიზირებული"
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროში მინისტრების შეცვლის სიხშირეს აკრიტიკებს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროში მინისტრების შეცვლის სიხშირეს აკრიტიკებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „ღამის კონტაქტში“ განაცხადა.

”4 წელიწადში 4 მინისტრი ასეთ მნიშვნელოვან სფეროში არ არის, ასე ვთქვათ, იდეალური სტატისტიკური მაჩვენებელი”, - განაცხადა პრეზიდენტმა „მაესტროს“ ეთერში.

რაც შეეხება ახალ მინისტრს, მისი თქმით, ახალი თავდაცვის მინისტრი არის ადამიანი, ვისთან ერთადაც უნდა იმუშაოს. ”შევხვდი მას. გამიზიარა მისი გეგმები. ჩვენი დისკუსიის მთავარი თემა იყო ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია. გვქონდა ძალიან ინტენსიური და კონსტრუქციული საუბარი. ვისაუბრეთ როგორ ვხედავთ მომავალს”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი და ახალი თავდაცვის მინისტრების დაპირისპირებას, პრეზიდენტის შეფასებით, ეს ჯარისთვის სასარგებლო არ არის. ”მე არამგონია უნდა ვაკეთებდე თინა ხიდაშელის კომენტარის შეფასებას. ჩემი მიზანია, რომ თავდაცვის სამნისტრომ მაქსიმალურად გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ არმიას იმისთვის, რომ იყოს ბრძოლისუნარიანი და ეფექტური. მოემსახუროს ქართველი ჯარისკაცების ინტერესებს. იყოს მზად გამოწვევებისთვის. თვალი მოვკარი, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და ახალ მინისტრს შორის გარკვეული დისკუსია მიმდინარეობდა. მე ვფიქრობ, ეს დისკუსია ამ ეტაპზე არ არის მთლად სასარგებლო ქართული ჯარისთვის. ახლა არჩევნებია და არმია და შეიარაღებული ძალები უნდა იყოს დეპოლიტიზირებული”, - განაცახადა პრეზიდენტმა.

Print