პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომელიც 2009 წელს დაარსდა,
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ინფორმაციის თანახმად, თბილისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანათავმჯდომარეობით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა გაიმართა.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომელიც 2009 წელს დაარსდა, ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: დემოკრატია და მმართველობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობა, ხალხთა შორის კონტაქტები და კულტურული გაცვლა.

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანმა რამდენიმე ინიციატივა წარადგინა, რომელთა მიზანიცა ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებაა. კერძოდ, ჯონ კერიმ და პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„ეს მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს და აფართოებს ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა. მდივნმა კერიმ წარადგინა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური გაძლიერების ახალი ხუთწლიანი პროგრამა (15 მილიონი დოლარი).

პროგრამის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება ქართველი ბიზნესმენების უნარები და გაიზრდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლები. ამ პროგრამის მთავარი ბენეფიციარებია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა“, - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ აშშ-ის შრომის დეპარტამენტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას ერთ მილიონ დოლარს გადასცემს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ შრომის კოდექსის გატარების ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდება. აღნიშნული დაფინანსება აშშ-ის მიერ უკვე გამოყოფილ დახმარებას დაემატება, რომელიც ორ მილიონ დოლარს შეადგენს.

ამასთან, მდივანმა კერიმ და პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საქართველოსთვის „ფულბრაიტის“ პროგრამის თანადაფინანსების შესახებ ხელმოწერილი მემორანდუმი წარადგინეს.

მემორანდუმის თანახმად, 2016 წელს აშშ-ის მთავრობა „ფულბრაიტის“ სამ აკადემიურ პროგრამას აფინანსებს. ახალი შეთანხმების საფუძველზე კი, აშშ და საქართველო ქართველ სტუდენტთა რიცხვს თითქმის გააორმაგებენ, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების მისაღებად, „ფულბრაიტის“ სტიპენდიით სარგებლობენ.
Print