პოლიტიკა
საქართველოს დღეს ჯონ კერი ეწვევა
6-7 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უხელმძღვანელებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ასევე ხალხთაშორისი კავშირებისა და კულტურის სფეროებში.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართება სახელმწიფო მდივნის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
Print