პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: საქართველომ უნდა გამოაცხადოს უბლოკო სტატუსი!
"საქართველოში არ უნდა იყოს არც ნატოს და არც რუსეთის ჯარი"
"დღეს მე და ჩემი თანაგუნდელები გამოვდივართ უმნიშვნელოვანესი ინიციატივით, რომელიც იქნება ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის, სტაბილურობის, მშვიდობის, ტერიტორიული მთლიანობის და ეკონომიკური აღორძინების გარანტი" - განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოში არ უნდა იყოს არც ნატოს და არც რუსთის ჯარი.
"ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე თავს უნდა დაემატოს მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველო გამოაცხადებს უბლოკო სტატუსს. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე, იქნება ეს ნატო თუ ნებისმიერი სხვა სამხედრო ორგანიზაცია.საქართველოში არ უნდა იყოს განლაგებული არც ერთი სახელმწიფოს, არც ერთი სამხედრო ორგანიზაციის ჯარი!
ხაზგასმით ვიმეორებ! საქართველოში არ უნდა იყოს არც ნატოს და არც რუსთის ჯარი და როდესაც ვლაპარაკობ საქართველოზე, ბუნებრივია ვგულისხმობ გაერთიანებულ საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით!"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, "დემოკრატიული მოძრაობა" იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლას და ხელმოწერების შეგროვებას აღნიშნული ინიციატივის რეალიზებისათვის.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს, ძალიან ბევრი ადამიანი, საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს N3-ს და მოგვცემს მანდატს ამ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისათვის.
ეს ინიციატივა განპირობებულია დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და უპირველესად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. დაუშვებელია, რომ ჩვენი სამშობლო კვლავდარჩეს ორისუპერსახელმწიფოს დაპირისპირების პოლიგონად, არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის ინტერესები ეწირებოდეს რომელიმე სახელმწიფოს ინტერესებს, რომელიმე ქვეყნის ინტერესებს, სადაც არ უნდა იყოს ეს ქვეყანა განლაგებული, ახლოს თუ შორს!"-განაცხადა "დემოკრატიული მძრაობის" ლიდერმა.
მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების და პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილის ქმედებებიდან გამომდინარე, საქართველო მოქმედებს არა საკუთარი, არამედ აშშ-ს და ნატოს ინტერესებით და დროა ქვეყანაში მოვიდეს ხელისუფლებაში ძალა, რომელიც უპირველესად საკუთარი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს! ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებაში იყოს ძალა, რომელიც იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ საკუთარი სამშობლოს ინტერესებს დააყენებს პირველ ადგილას.
"სორედ უბლოკო სტატუსი ჩვენი ქვეყნისა, იქნება რეალური დამოუკიდებლობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და აღორძენების გარანტი. ეს იქნება მშვიდობისა და თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის საფუველი, რაც უმნიშვნელოვანესი, სასიცოცხლო და პრინციპულია დღეს საქართველოსათვის.
ამ ინიციატივის შედეგად განხორციელებული უბლოკო სტატუსი იქნება უმთავრესი პირობა ჩვენი ქვეყნის ტერიოტრიული პრობლემების მოგვარებისა და საქართველოს გამთლიანების უმთავრესი წინაპირობა"-განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.
ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ხელმოწერების კამპანიაში ჩაერთვება ძალიან ბევრი ადამიანი და საქართველოს ბევრი მოქალაქე დაუჭერს მხარს ამ ინიციატივის განხორციელებას.
"ჩვენ ბუნებრივია მოვივლით მთელს საქართველოს, კარგად ავუხსნით ხალხს, თუ რას ნიშნავს ეს ინიციატივა ქვეყნისათვის. ეს არის გამბედავი, პრინციპული გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება, რომლის გამოც ვიცით, რომ ბევრი ტალახი იქნება გამოსროლილი ჩვენი მიმართულებით, თუმცა ამის არ გვეშინია. ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაშინებს, იმიტომ, რომ ვმოქმედებთ ერთადერთი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც საქართველოს უმთავრესი სახელმწიფოებრივი ინტერესი ჰქვია!მოვუწოდებ ჩვენს სახოგადოებას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, გაეცნონ ჩვენს ინიციატივას, კარგად დაფიქრდნენ, დაგვიჭირონ მხარი როგორც ხელმოწერების შეგროვებაში, ისე საპარლამენტო არჩევნების დღეს. მე იმედი მაქვს, რომ აქტივობა იქნება დიდი. სწორედ ეს არჩევნები განაპირობებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების ხვალინდელ დღეს.
დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოხაზავს N3- ს და მე და ჩემს თანაგუნდელებს მოგვცემს საშუალებას ქვეყანა რეალურად თავისუფალი, დემოკრატიული, სტაბილური გახდეს და ჩვენი მოსახლეობა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ იმ უკიდურესად დუხჭირი ყოფიდან, რომელშიც აქამდე ამყოფებენ"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით საქართველოს მიერ უბლოკო სტატუსის გამოცხადება იქნება ქვეყნის უმთავრესი პრობლემების მთავარი გარანტი.

Print