პოლიტიკა
კობახიძე:ჩვენ პარლამენტში იმაზე მეტ მანდატს მივიღებთ, ვიდრე დანარჩენი პარტიები ერთად
"კვლევის შედეგები რეალურია და სრულად ასახავს სინამდვილეს. შედეგები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ შევძლებთ ოქტომბრის არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას, ანუ, 50%-ზე მეტის მიღებას,-აღნიშნული განცხადებით "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე შიდაპარტიულ კვლევას აფასებს.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, კვლევები შიდა მოხმარებისთვის იყო გამიზნული, თუმცა ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რის გამოც პარტიამ მისი გასაჯაროვება გადაწყვიტა.
"ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არ ვაქვეყნებდით შიდა კვლევის შედეგებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის შიდა მოხმარებისთვის იყო გამიზნული, თუმცა ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ამასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, მოთხოვნა იყო და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ გამოგვექვეყნებინა ჩვენი შიდა კვლევის შედეგები. ჩვენ სრულად ვენდობით იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენთვის ატარებს ამ კვლევას. წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ ჩვენ მათთან და იმ პირობებში, როდესაც არცერთი სხვა ცნობილი სოციოლოგიური ორგანიზაცია არ დებდა სანდო კვლევის შედეგებს, ჩვენ ყოველთვის გვაძლევდა ჩვენი ორგანიზაცია არჩევნების შედეგის პროგნოზირების საშუალებას. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა სწორედ ნდობა ჩვენს სოციოლოგიურ კვლევით ორგანიზაციასთან",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, კვლევის შედეგები რეალურია და სრულად ასახავს სინამდვილეს.
" ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი პროცენტული მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად აღებულს. სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ შევძლებთ ოქტომბრის არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას. ანუ, 50%-ზე მეტის მიღებას",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Print