პოლიტიკა
ხიდაშელი: სესიაშვილს მიაჩნია, რომ მონური შრომა 21-ე საუკუნეში ნორმალურია

 

სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა. ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა

ირაკლი სესიაშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვისაც მიაჩნია, რომ 18 წლის ბიჭის "ყარაულში" დგომა 7 ლარად სახელმწიფოს მხრიდან ღირსეული საქციელია.

ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილს, რომელმაც ის პოლიტიკურ უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.

"მესმის ზოგიერთი ადამიანის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი, ზოგიერთის კი არა. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ფუნდამენტურად და ფილოსოფიურად ეწინააღმდეგებიან მოწვევის გაუქმებას. მათ მიაჩნიათ და სესიაშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომ 7 ლარად "ყარაულში" დგომა 18 წლის ბიჭის არის ღირსული საქციელი სახელმწიფოს მხრიდან. მე ასე არ ვთვლი და ეს ჩვენს შორის ფუნდამენტური სხვაობაა. ის გულწრფელია, როცა გაბრაზებულია.

სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა. ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21-ე საუკუნეში ნორმალურია. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური. სხვადასხვა მხარეს ვართ ამ ამბის გაგებაში. მას არ ესმის, როგორ შეიძლება, რომ 7 ლარად არ ამუშავო ახალგაზრდა კაცი "ყარაულში", - განაცხადა ხიდაშელმა.

რაც შეეხება სესიაშვილის განცხადებას, რომ თინა ხიდაშელს მინისტრობის ორი კვირა დარჩა, ხიდაშელის თქმით, ამას პრემიერმა გუშინ გასცა პასუხი.

"სესიაშვილს გუშინ პრემიერმა ამაზე გასცა პასუხი", - განაცხადა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს.

 

 

 

Print