პოლიტიკა
აბაშიძე კარასინის შეხვედრაზე რამდენიმე დაკავებულის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეები პრაღის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე დაკავებულის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.

"გაგრძელდა კონსტრუქციული დიალოგი კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ეხება რუსეთ-საქართველოს კავშირების გააქტიურებას იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია პროგრესი დიპლომატიური ურთიერთობების არქონის ფონზე - ვაჭრობა, ტრანსპორი, ჰუმანიტარული კავშირები. შედეგები ამ მიმართულებით სახეზეა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა; რუსეთი რჩება მნიშვნელობით მეორე სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და ქართული ღვინის მთავარ ბაზრად.
მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხაზით დაგეგმილი კონტაქტები კიდევ უფრო გააძლიერებს რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ურთიერთქმედებებს. აღინიშნა მგზავრთა ნაკადისა და ტვირთების მოძრაობის ზრდა რუსეთსა და საქართველოს შორის. ამ ფონზე წარმატებით ვითარდება თანაშრომლობა ორი ქვეყნის სატრანსპორტო ხელმძღვანელობას, ასევე, რუსულ და ქართულ სარკინიგზო კომპანიებს შორის", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ პრაგმატული კურსი ორმხრივი ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაციისთვის.
"ამასთან, რუსული მხარის მიერ კიდევ ერთხელ აღნიშნულია, რომ არამეგობრული რიტორიკა, რომელიც ისმის, მათ შორის, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან, ეწინააღმდეგება ორივე მხარისთვის ობიექტურად სასარგებლო პროცესს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

Print