პოლიტიკა
პრემიერი სამეგრელოსა და აჭარას ეწვევა

პრემიერ-მინისტრი სენაკში სახალხო დღესასწაულ "მარულას დაესწრება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს  სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი შპს "შავი ზღვის ცემენტის" ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრება, რომელიც სენაკში, დღეს 12:00 საათზე გაიმართება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი დოლარია. დასაქმდება 500-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სენაკში ასევე დაესწრება სახალხო დღესასწაულ "მარულას" და დაათვალიერებს აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც "ქართუ ჯგუფის" დახმარებით ხორციელდება. ისტორიული თეატრის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებულ საკონდიტრო საწარმოს ,,ვესთ ჯორჯიან ბეიქერს" ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს სოფელ ციხისძირში სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის "კასტელო მარეს" ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში. სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან შედგება. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე.

 

Print