პოლიტიკა
პრემიერი:ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა
მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ერთი კითხვის ნიშანიც კი მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ–მინისტრი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს მაქსიმალურად შეუწონ ხელი წინასაარჩევნო პერიოდის სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობას.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, განსაკუთრებით კი ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეწყობა.
"რამდენიმე დღის წინ მე უკვე გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს თავიდან აცილება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ჩვენი მოწოდებაა, რომ რაც შეიძლება მშვიდობიან გარემოში, ღირსეულად ჩავატაროთ ეს არჩევნები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობა, ამიტომ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეტებთ საიმისოდ, რათა მთელი წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ, რომ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო კამპანია უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, მმართველი ძალის წინასაარჩევნო კამპანიასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,"–აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, პირადად მას და მთავრობის წევრებს ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე, არაერთხელ დაუყენებიათ საკითხი რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის და სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოწვევის შესახებ. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მედიის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა და არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა.
"როგორც ჩემი, ისე არაერთი მინისტრის მხრიდან, მრავალ საერთაშორისო პლატფორმაზე გაჟღერებულა არაერთი მოწოდება და თხოვნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ მაქსიმალურად მეტი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჩამოვიდეს საქართველოში და რაც შეიძლება ადრე, რათა მთელი ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც მედიისთვის წვდომას ამ პროცესების გაშუქების კუთხით, ისე არასამთავრობო სექტორის ჩართულობას. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა სახელმწიფო მოხელეს პირველ რიგში, რომ მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ერთი კითხვის ნიშანიც კი მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი მთავრობის ღირსების საკითხი, რომ ჩვენ შევძლოთ მართლაც დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და სათანადოდ იქნას გაშუქებული მთელი ეს პროცესი,"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Print