ეკონომიკა
ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს მმართველობითი რეფორმისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალურ გრანტს გამოუყოფს
, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე ბრიფინგი ხვალ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელძღვანელ იანოშ ჰერმანთან ერთად გაიმართება.

„ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება სრულდება - ეს არის 30 მილიონი ევროს დახმარების თაობაზე ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის. საბოლოო ბრიფინგს ჩვენ გავმართავთ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელძღვანელ იანოშ ჰერმანთან ერთად ხვალ და ამაზე უფრო დეტალური საუბარი გვექნება. ეს გახლავთ სპეციალური გრანტი საქართველოსთვის, რომელიც გამიზნულია მმართველობითი რეფორმისთვის. მოგეხსენებათ, რომ მმართველობითი რეფორმა ჩვენი 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ძალიან მისასალმებელია, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით სპეციალურ დახმარებას გამოყოფს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული ტიპის მმართველობითი ინსტიტუციების ჩამოყალიბება საქართველოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა მოგვიხდება ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს და საქართველოს ჰქონდეს ისეთი მმართველობა, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ კანონმდებლობას, ევროპულ რეგულაციებს, ევროპულ ინსტიტუციებს და ჩართულობას თითოეული მოქალაქის ამ მმართველობის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
Print