ეკონომიკა
საქართველოში კიდევ ოთხი ახალი საწარმო შეიქმნება
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხორცპროდუქტების საწარმო, რომელიც თბილისში შეიქმნება, 190 ადამიანს დაასაქმებს; გათვალისწინებულია 3 755 202 ლარის ინვესტიცია. ხოლო მეორე - მაკარონის, პურ-ცომეულისა და საკონდიტრო ნაწარმის გამომშვები საწარმო შეიქმნება ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, სადაც გათვალისწინებულია 160 ადამიანის დასაქმება და 320 000  ლარის ინვესტიცია.

მთავრობა დღესვე მიიღებს გადაწყვეტილებას, ახალი საწარმოების შექმნის მიზნით, კომპანიებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კახეთის გზატკეცილზე ორი წლის ვადაში უნდა შეიქმნას ყავის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც კომპანია 11 277 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 30 ადამიანს დაასაქმებს;

ხოლო ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც, მეწარმეს 57 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 25-წლიანი იჯარით გადაეცემა.

„ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, საქართველოში ჩაის მრეწველობის აღორძინების მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Print