ეკონომიკა
ჩინეთში ქართული ღვინის კიდევ ერთი სახლი გაიხსნა
ქალაქ ურუმჩიში "ქართული ღვინის სახლი" გაიხსნა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში "ქართული ღვინის სახლი" გაიხსნა.
ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, 600 კვადრატულ მეტრზე ფართობზე განლაგებული "ქართული ღვინის სახლი" ადგილობრივ მომხმარებელს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას სთავაზობს. სინძიანის ცნობილი შეფმზარეულები ქართულ ღვინოსთან სპეციალურად შეხამებულ ჩინურ კერძებს ამზადებენ. ურუმჩის "ქართული ღვინის სახლი", მომხმარებელს ჩინურ კულინარიასა და ქართულ ღვინოსთან ერთად ქართულ კულტურას ეროვნული ცეკვისა და ფოლკლორის თანხლებით გააცნობს.
გახსნის ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
"ქართული ღვინის ქსელი, რომელიც დღეს გაიხსნა, გამორჩეულია იმით, რომ აქ წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო, რომელიც შეხამებული იქნება ჩინურ სამზარეულოსთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილებს ქართული ღვინის გაცნობას და მიღებას. წლის ბოლომდე აქ დაგეგმილია კიდევ 4 ქართული ღვინისს სახლის გახსნა. თითოეულ მათგანში 10-12 ათას ბოთლამდე ღვინო იქნება დასაწყობებული- მხოლოდ ქართული ღვინო" - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
"ქართული ღვინის მაღაზია-სალონების ქსელი სახელწოდებით "ქართული ღვინის სახლი" ჩინეთში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. ეს არის ქართულ-ჩინური ერთობლივი პროექტი - ჩინური მხრიდან კომპანია "სუოლუნი" და ქართული მხრიდან "თბილინვესტ ჯგუფი". "სუოლუნ კომპანის" გენერალური დირექტორი ისიაო ძიუნუმი მიიჩნევს, რომ "ქართული ღვინის სახლის" რაოდენობის ზრდა ჩინეთში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, სადაც მომხმარებელი არა მარტო ღვინოს, არამედ ქართულ კულტურასა და ისტორიას გაეცნობა,- ნათქვამია ღვინის სააგენტოს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ბრენდი - "ქართული ღვინის სახლი" ჩინური კომპანია "სუოლუნის" მიერ პირველად თერთმეტი თვის წინ ჯეძიანის (ძჰეჯიანგ) პროვინციაში შეიქმნა და ადგილობრივ პარტიორებთან ერთად კომპანია მთელი ჩინეთის მასშტაბით, წლის ბოლომდე 80-მდე ფილიალის გახსნას გეგმავს.
მიმდინარე წლის მაისის თვეში "სუოლუნ კომპანიის" ინიციატივით ჯეძიანის (ძჰეჯიანგ) პროვინციის ქალაქ იუს ლოჯისტიკურ ცენტრში, ასევე გაიხსნა ქართული ღვინის საწყობი, საიდანაც "ქართული ღვინის სახლის" ქსელი სისტემატიურად მომარაგდება ღვინოებით.
ჩინეთის მასშტაბით, სხვადასხვა იმპორტიორი კომპანიიების მიერ ბოლო ორ წელიწადში გახსნილია 35 ქართული ღვინის ობიექტი (მაღაზია, სალონი, პავილიონი, სახლი, ცენტრი, რესტორანი და სხვა), ხოლო ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე რეალიზაციაში 300-ზე მეტი დილერია ჩართული. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტირებულია 1,86 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 148%-ით აღემატება გასულის წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

Print