ეკონომიკა
პრემიერი: მანავში ჩაბარებული ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა
პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრს სთხოვა, ეს საკითხი მოიკვლიოს
ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს რაიონში შარშან, ჩაბარებული ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა, ყოველ შემთხვევაში თანხა არ არის მისული ადრესატამდე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრს სთხოვა, ეს საკითხი მოიკვლიოს და თუ საჭირო იქნება, ჩართონ შესაბამისი უწყებები.

"ის, რომ სახელმწიფო საკმაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, დავასუბსიდიროთ ყურძნის ჩაბარება, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით. ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიოთ ეს საკითხი და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩართულობა არის განხილვადი", – განაცხადა პრემიერმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიას განცხადებით, ეს პრობლემა ცნობილია, საუბარია რამდენიმე სოფლიდან 50 მევენახეზე და ჯამში 200 ათას ლარზე მეტია დავალიანება.

"იყო გამოძიება, რომლის შესაბამისად, კომპანიას არ გააჩნია ის აქტივები, რომელიც დააკმაყოფილებს ამ დაზარალებულ ადამიანებს. თქვენს დავალებას მივიღებთ და მაქსიმალურად ვეცდებით რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ, რომ მინიმალური იყოს ზარალი", – განაცხადა დანელიამ.
Print