ეკონომიკა
მთის განვითარებისთვის მიკრო გრანტების პროგრამა ამოქმედდება
მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა.

27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მთის მაცხოვრებლებს შეუძლიათ საკუთარი ბიზნეს იდეები წარადგინონ ვებგვერდზე - წწწ.ქარტული.გე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით, მთაში საკუთარი საქმე წამოიწყონ.

აღნიშნული სიახლის შესახებ საქართველოს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგებლებს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკიმ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა მიაწოდეს.

ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. იგი შედგება ორი კომპონენტისგან - პირველია გრანტები 5,000-დან 15,000 ლარამდე, ხოლო მეორე განათლებისა და უნარების განვითარებაზე წვდომაა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, მსგავსი პროექტი "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში წარმატებით ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია შეიქმნას უფრო მეტი ახალ სამუშაო მთიან ზონაში და გაიზარდოს სამეწარმეო უნარ-ჩვევები მაღალმთიან რეგიონებში.

პროგრამა "მიკრო გარანტები მთის განვითარებისათვის" მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა. პროექტი საშუალებას აძლევს მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული კომპონენტრის შემუშავება პასუხობს მოსახლეობის მხრიდან დიდ მოთხოვნას, რაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაფიქსირდა.
Print