ეკონომიკა
„სტარტაპ საქართველო“ იწყება
პროგრამას, პრემიერ-მინისტრი  საზოგადოებას ხვალ, ტექნოლოგიურ პარკში, 14:00 საათზე წარუდგენს.

საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ იწყება.

პროგრამას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ხვალ, ტექნოლოგიურ პარკში, 14:00 საათზე წარუდგენს.

პრეზენტაციას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური გუნდის მინისტრები, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე დაესწრებიან.

„სტარტაპ საქართველოს“ დაწყების მიზანია, მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს, რომლებსაც აქამდე ფინანსური რესურსის არქონის გამო არ შეეძლოთ ბიზნესის დაწყება, მიეცეთ უნიკალური შანსი, განახორციელონ თავიანთი ბიზნესიდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც   ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი, შესაძლოა, 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული, პერსპექტიული და მდგრადი ბიზნესწინადადება და მისი განხორციელებისთვის საწყისი დაფინანსება სჭირდება.

განაცხადების მიღება 2016 წლის 17 ივნისიდან, 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე მოემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსდება პროგრამის ფრონტ-ოფისი და დაინტერესებული პირები ერთი ფანჯრის პრინციპით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ პროგრამის შესახებ. მსურველების უკეთ ინფორმირებისთვის ასევე ამოქმედდება სატელეფონო ცხელი ხაზი. პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა.

Print